|

2026 წლის 11 მარტს, საქართველოს გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა

ასოციაციის მიზანია საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველის დამოუკიდებელი, აღიარებული და მოთხოვნადი პროფესიის ჩამოყალიბება, სერტიფიცირებული სპეციალისტების ძლიერი პროფესიული ქსელის შექმნა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის ეტაპობრივი აღმოფხვრა მდგრადი და ეფექტიანი გარემოსდაცვითი მართვის უზრუნველყოფის მიზნით.

ასოციაციის საქმიანობა მიმართული იქნება კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ნდობის გაძლიერებაზე, ძლიერი პროფესიული ქსელის შექმნასა და ინტერესთა კონფლიქტების პრევენციაზე. ასოციაცია ხელს შეუწყობს გარემოსდაცვით მმართველთა მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, უწყვეტ განათლებას გარემოსდაცვითი რეგულაციების დროულ კომუნიკაციას და მათი შესრულების ხარისხის გაუმჯობესებას. ასოციაცია ერთგვარი პლატფორმის ფუნქციას შეასრულებს შესაბამის საჯარო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის აზრთა გაცვლისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით.

საქართველოს გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაციის დამფუძნებლებმა, ასოციაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩარჩოების ფარგლებში, დეტალურად იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტანდარტების ამაღლებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას და მდგრადი გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიან განხორციელებას. ასევე, განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ასოციაციის განვითარებისათვის.

ეტაპობრივად, დაინტერესებულ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ასოციაციის გეგმებსა და მიმდინარე აქტივობებზე.